ილიას უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი უნივერსიტეტის დისკრედიტაციაა - NGO-ები

05.06.23 15:06
ილიას უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი უნივერსიტეტის დისკრედიტაციაა - NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი რექტორის წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო კამპანიას ეხმაურებიან. 

NGO-ების თქმით, კამპანიაში ჩართულები არიან მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ან მის პირდაპირ კონტროლს დაქვემდებარებული საინფორმაციო წყაროები, რომლებიც ხშირად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საინფორმაციო კამპანიის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს მისი გამავრცელებელი საინფორმაციო წყაროები და ის ფაქტი, რომ საინფორმაციო წყაროები ფოკუსირებულები არიან უნივერსიტეტზე და მის ხელმძღვანელებზე.

NGO-ების განცხადებაში ნათქვამია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანიის მიზანია, უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, მისი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მოქცევა და სხვა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნა. 

არასამთავრობოები სრულ სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას.

"ზოგადად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირის დისკრედიტაციის მიზანია ამ დაწესებულების იმიჯის შელახვა და ამ გზებით მასზე გავლენის და კონტროლის მოპოვების ხელშეწყობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელისუფლებო პროპაგანდის სამიზნეა საგანმანათლებლო, აკადემიური დაწესებულება. ეს დაწესებულებები კი როგორც წესი, ავტორიტარული მმართველობისკენ მიმავალი რეჟიმების პრიორიტეტული სამიზნეა, ვინაიდან განათლებული საზოგადოება პოპულისტი და არადემოკრატიული რეჟიმებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიური წვლილი შეაქვს საქართველოს წინაშე მდგარ არაერთ კრიტიკულ გამოწვევასთან დაკავშირებით დეფიციტური აკადემიური ცოდნის შექმნაში, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

მივიჩნევთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანიის მიზანია, უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, მისი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მოქცევა და სხვა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნა. ამგვარი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, რომელიც იცავს აკადემიურ თავისუფლებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობას" - ნათქვამია განცხადებაში.