კადიროველების გარემოცვა ქვეყანაში - შსს-მ საეჭვო ავტომობილების მძღოლებს 19 საჯარიმო ქვითარი გამოუწერა

05.06.23 20:16
კადიროველების გარემოცვა ქვეყანაში - შსს-მ საეჭვო ავტომობილების მძღოლებს 19 საჯარიმო ქვითარი გამოუწერა

საქართველოს  დაუცველი საზღვრები - ქვეყანას კადიროველების  გარემოცვა სტუმრობდა.  "პირველების" ხელშია მტკიცებულებები, რითაც ირკვევა, რომ  მინიმუმ სამი კვირა  რამაზან  კადიროვის   მეგობრები ავტოკოლონებით ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მათი ვიზიტის შესახებ იცოდა შს სამინისტრომ. უწყებამ საეჭვო ავტომობილების მძღოლებს 19 საჯარიმო ქვითარი 22 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გამოუწერა.  

"პირველებმა" მოიპოვა სატელეფონო მიმოწერებიც, რითაც  დგინდება, რომ კადიროველები საქართველოში ლარსის  გავლით შემოვიდნენ და  მათთვის პრობლემა არავის შეუქმნია.

ახლა შს სამინისტრომ საზოგადოებას უნდა უთხრას, ვინ და რა მიზნით შემოუშვა ყველაზე საშიში დამნაშავის გარემოცვა ჩვენს ქვეყანაში. გომელაურის ნაცვლად  "ოცნების" ლიდერები საუბრობენ - შეთანხმებული განცხადებებით.  მმართველი პარტიის წევრები დილიდან ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ   ქვეყანაში ლარსიდან  გროზნოს ყოფილი მერი და კადიროვის ოპოზიცია შემოვიდა. 

ახლა საინტერესოა, როგორ მოხდება კადიროველებისგან   ჯარიმებით გათვალისწინებული თანხის ამოღება? ეს კითხვა დღეს ოპოზიციის   წევრმა ვახტანგ გომელაურს გაუგზავნა. 

ვიდრე მინისტრი დუმს, დეტალების გარკვევას კი გუგა არჩვაძე ცდილობდა.