"გოგოები ვიდეოში კონკრეტულ ადამიანებს ასახელებენ" - მასობრივი სექსუალური ძალადობა ბავშვებზე

06.06.23 11:10
"გოგოები ვიდეოში კონკრეტულ ადამიანებს ასახელებენ" - მასობრივი სექსუალური ძალადობა ბავშვებზე

მასობრივი სექსუალური ძალადობა ბავშვებზე - სოციალურ ქსელში იდენტიფიცირებულია ათობით ჯგუფი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანებს სექსუალურად ავიწროვებდნენ, ვიდეოებს უღებდნენ, სოციალურ ქსელში ვირუსულად უვრცელებდნენ და აშანტაჟებდნენ. საქმე 8-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებს ეხებათ.

სექსუალური ძალადობის უპრეცედენტო საქმე უკვე პროკურატურაშია. საგამოძიებო უწყებაში დანაშაულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები, ვიდეო მტკიცებულებები და ჩვენებები ორგანიზაცია "ქალთა ალიანსმა“ შეიტანა.

"ალიანსის" ხელმძღვანელის, დეა ერემაშვილის თქმით, მოზარდები ლაივებში თავად საუბრობენ მათ მიმართ ძალადობაზე და კონკრეტულ ადამიანებს ასახელებენ.

27 ვიდეოკადრი არსებობს მსგავსი ტიპის, სადაც მიდის განხილვა აღნიშნულ საკითხებზე და სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებია ასახული. ბავშვების ასაკი 8 წლიდან იწყება და არის ზევით. გოგოები ღიად საუბრობენ მათ მიმართ ძალადობაზე ამ ლაივების დროს და კონკრეტულ ადამიანებს ასახელებენ. როგორც მე ვიცი ასეთი ამბები ხდებოდა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში". - ამბობს "შშმ ქალთა ალიანსის" ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.

მათი ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა.