ეს არის პრემიერის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი ანგარიშსწორება - ნოდარ მელაძე

06.06.23 15:20
ეს არის პრემიერის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი ანგარიშსწორება - ნოდარ მელაძე

პრემიერის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ ანგარიშსწორებას უწოდებს "ტვ პირველის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე იმ სასამართლო დავას, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ წამოიწყო.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მოსამართლე გზირიშვილს, როგორც ჩანს, დიდი შიში აქვს ღარიბაშვილების გვარის ხსენებისაც კი და სწორედ ამიტომ, მან ჟურნალისტების მოთხოვნა არ დააკმაყოფლა ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

"დღეს დადასტურდა ის, რასაც ჯერ კიდევ შაბათს ვყვებოდით, რომ ეს სასამართლო პროცესი ამ რეჟიმში და ამ მოსამართლით ჩაინიშნა მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულიყო მასობრივი ანგარიშსწორების სერია პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. პირველი, რა არის დავის საგანი? დავობს ამ შემთხვევაში ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილის ინტერესების დამცველი, რომ თქვენ რომ რეპორტაჟი გააკეთეთ 2021 წელს, რომ ღვინის ქარხანა, რომელიც ნუგზარ ალუღიშვილზე იყო გაფორმებული, ტარიელ ღარიბაშვილი მისი რეალური მფლობელი არისო. თქვენ რომ გქონდათ ინფორმაცია და რეპორტაჟი გააკეთეთ ამ თემაზე, რომელიც შემდგომ დადასტურდა და დოკუმენტებითაც ტარიელ ღარიბაშვილი გახდა ამის მფლობელიო, არაო მაშინ ასე არ ყოფილაო. ჩვენ დღეს ვითხოვეთ, რომ მოვიდეს ტარიელ ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე და მისცეს სასამართლოს ჩვენება და გვიპასუხოს, როდის, რა ვითარებაში, რას სახსრებით იყიდა ღვინის ქარხნის წილი და რა გარიგება შედგა მასსა და ნუგზარ ალუღიშვილს შორის.

დავის საგანი არის ეს, რომ ეს ღვინის ქარხანა ტარიელ ღარიბაშვილს მაშინ არ ეკუთვნოდა და მერე გადაფორმდა მასზეო და მოვიდეს და გვიპასუხოს ამ კითხვებზე ტარიელ ღარიბაშვილმათქო. მოსამართლეს, როგორც ჩანს დიდი შიში აქვს ამ ღარიბაშვილის გვარის ხსენების, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ცდილობდა სასამართლო პროცესზე ძალიან დისტანცირებულიყო პრემიერის გვარისაგან და ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საერთოდ ამ შენობაში ახლა რაზე მიდის მსჯელობა, დავის საგანი არის ანუ ჟურნალისტებს ედავებიან, რომ შენ რომ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადეო და მერე დადასტურდა ეს ამბავიო, რომ ტარიელ ღარიბაშვილის არის ღვინის ქარხანაო, მიდი და უარყავი ეს ამბავი, თუ არადა 20 000 ლარით დაგაჯარიმებ ან შენს ბინას და საბანკო ანგარიშს დავაყადაღებო და ვითხოვთ დღეს, რომ მოვიდეს ტარიელ ღარიბაშვილი, იქნებ ადასტურებს ამ სასამართლო პროცესზე და ჰყვება, რა სახსრებით იყიდა, როგორ  და რა ვითარებაში, რა როლი ჰქონდა, როდესაც სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია ჯერ შუამავალ ბიზნესმენს გადაეცა და შემდეგ ტარიელ ღარიბაშვილს" - ამბობს ნოდარ მელაძე.

სასამართლომ "ტვ პირველის" მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკამყოფილა.

გადაწყვეტილება, მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა, სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პრემიერის მამა „ტვ პირველის“ და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველის„ გაჩუმებას კლანის წევრი მოსამართლის ხელით ცდილობს.

პრემიერის გარემოცვა ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟის გამო ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის ანგარიშების და პირადი ქონების დაყადაღებას ითხოვს, არადა ფაქტი, რომლის გამოც ჩვენს ჟურნალისტებს პრემიერის ოჯახის ახლობელი უჩივის, უკვე დადასტურებულია. ღვინის ქარხანა, რომლსაც მანამდე ნუგზარ ალუღიშვილი ფლობდა, პრემიერის მამის სახელზე უკვე გადაფორმდა.