უკრაინა კონტრშეტევის რეჟიმშია გადასული - ბოლო ერთი კვირაში, უკრაინულმა არმიამ 7 დასახლება გაათავისუფლა
უკრაინა კონტრშეტევის რეჟიმშია გადასული - უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთ კვირაში 7 დასახლების დეოკუპაცია მოახერხეს, ისინი აქტიურად მიიწევენ წინ და ფაქტობრივად რუსული დანაყოფების ხაზი გარღვეულია. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ბოლო ერთ კვირაში შეტევითი ჯგუფის ჯარების წინსვლა 6.5 კილომეტრი იყო.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში კონტრშეტევას აგრძელებენ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ, უკრაინელმა დამცველებმა მარინკას მახლობლად მტრის 14 შეტევა მოიგერიეს.
უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც:
„მტრის დანაკარგები ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ამინდი არახელსაყრელია - წვიმა ართულებს ჩვენს ამოცანას - ჩვენი მეომრების სიძლიერე მაინც იძლევა შედეგს. უკვე მივაღწიეთ, ფრონტის იმ პუნქტებზე, სადაც ჩვენ გვჭირდება გაძლიერება. მადლობა ჩვენს ბიჭებს ყოველი უკრაინული დროშისთვის, რომელიც ახლა უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს ახლად დეოკუპირებული ტერიტორიის სოფლებში!"- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით კი ბოლო ერთი კვირაში, დონეცკისა და ტავრიისკის მახლობლად 7 დასახლება გაათავისუფლეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გათავისუფლებულია: სტოროჟევოე, ლობკოვე, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, მაკარივკა და ბლაგოდატნე.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინის ქალაქებში განგაშია - ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ე.წ. „შაჰიდის“ დრონებით ერთდროულად რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს. ყველაზე მძიმე ვითარება კრივოროგშია, სადაც რუსულმა არმიამ ხუთსართულიანი კორპუსი დაბომბა. -არიან დაღუპულები და დაშავებულები. მძიმე ვითარებაა კახოვკაშიც, სადაც კაშხლის ჩამონგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 41 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 10-კი გარდაცვლილია.