"ოცნება" აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს სახლებს შერჩევით უშენებს - ვინ მიითვისა დევნილების ფული?

14.06.23 14:02
"ოცნება" აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს სახლებს შერჩევით უშენებს - ვინ მიითვისა დევნილების ფული?

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას ხელისუფლება სახლებს შერჩევით უშენებს, არადა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილებისთვის ბიუჯეტიდან მილიონზე მეტია გამოყოფილი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლები შერჩევით კონკრეტულ პირებს აუშენეს, დიდი ნაწილი კი ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი.

რეაგირება დღეს დევნილებმა სახალხო დამცველსაც სთხოვეს. ლევან იოსელიანი დილიდან ადგილობრივებს ხვდება.

დევნილების თქმით, დანგრეული სახლები ააშენეს, ხოლო დაზიანებულ სახლებს არც კი მიაქციეს ყურადღება. სოფლის მკვიდრი ამბობს, რომ ათასებია გამოყოფილი, მთავრობა კი მათ უშენებს სახლებს, ვისაც ნაკლებად აქვს შეხება სოფელთან.

ეგ არის ჩემი გულისტკივილი, არცერთი ოთახი არ გამიკეთეს არც გალესეს, არც არაფერი არ გააკეთეს. მოჰყევით კუთხიდან რამდენი სახლი არის დანგრეული, დანგრეული სახლები აუშენეს, რომ იყო ბოსლები, ისინი ააშენეს ახლა დანგრეული სახლებია და ახლები უნდა აუშენონ. გამოყოფილია 80-100 ათასები და იმათ უშენებენ, რომლებიც გორში ცხოვრობენ თბილისში ცხოვრობენ და არც მოდიან არასდროს, არც ახლა მოვლენ,  - ამბობს ზარდიაანთკარის მკვიდრი.

სახალხო დამცველის თქმით, პრიორიტეტულ სიაში, პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც სოფელში ცხოვრობს. 

არის სახლები, რომლის რეაბილიტაცია სრულად არ ხდება. ამბობენ, რომ შერჩევითად ხდება. მათი სახლებია პრიორიტეტში, ვინც აქ არ ცხოვრობდა და ვინც ნაკლებად იყო ამ სოფელთან დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც აქ არიან, აქ ცხოვრობენ ეს ხალხი უნდა იყოს პირველ რიგში ჩასმული პრიორიტეტულ სიაში. თანხები თუ არ არის საკმარისი, მე ვთვლი, რომ ამისთვის უნდა გამოინახოს თანხები,  - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.