ფემიციდი, სისტემური პრობლემა - საიას იურისტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
საქართველოში ფემიციდი სისტემური პრობლემაა - ეს სიტყვები სტრასბურგის სასამართლოდან მოსულ უახლეს გადაწვეტილებაში ჩაიწერა. საქმე ეხება ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტრასბურგში წაღებული ეს საქმე სახლემწიფომ წააგო.
საიას იურისტი დავით ჯავახიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ, მსხვერპლის მხრიდან 16-ჯერ მიმართვიანობის მიუხედავად, არ განახორციელა ისეთი მოქმედებები, რომელიც ქალის სიცოცხლეს დაიცავდა.
მსხვერპლმა 16-ჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაეცვა საკუთარი უფლებები და სიცოცხლე, თუმცა 16-ჯერ მიმართვის შემდგომ სახელმწიფომ არ განახორციელა ისეთი მოქმედებები, რომელიც ამ ადამიანის სიცოცხლეს დაიცავდა და მივიღეთ საბოლოოდ ის შედეგი, რომ დავკარგეთ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. გამოძიება არ წარიმართა იმ სამართალდამცავთან მიმართულებით, რომელმაც გულგრილობით და თავიანთი დაუდევრობით გამოიწვიეს ეს შედეგი. ასევე არ წარიმართა სათანადო კვალიფიკაციით გამოძიება, რომ გადაკვალიფიცირდა უზენაეს სასამართლოს მიერ დამნაშავისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. კონკრეტულ პირთან მიმართებით გეტყვით, რომ ის ჩვეულებრივად გასამართლდა, უბრალოდ საქმე არის იმაში, რომ გასამართლდა არა იმ კვალიფიკაციით, რისთვისაც უნდა გასამართლებულიყო, არა იმ დამამძიმებელი გარემოებებისთვის, რასაც მისი ჩადენილი ქმედება მოიცავდა", - ამბობს საიას იურისტი, დავით ჯავახიშვილი.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამისმა უწყებებმა თავის დროზე ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა.
საიას ინფორმაციით, სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.
საია საჩივარში ასაბუთებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქალის გარდაცვალების პრევენცია, მიუხედავად მსხვერპლის მიერ გარდაცვალებამდე პოლიციისთვის 16-ჯერ მიმართვისა და ვერ დაიცვა მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატური ხასიათის ძალადობისგან.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივნის შვილმა 16-ჯერ დარეკა დახმარების თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ მომჩივნის შვილმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები, და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან შემდგომ განცხადების გამოტანამ (§71).