მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს ხელფასის მხოლოდ 5%-ით მატებას სთავაზობს
მოლაპარაკება ჩიხში შევიდა -„ჯორჯიან მანგანეზი” ამტკიცებს, რომ გაფიცული თანამშრომლებისთვის ხელფასის 20%-ით ზრდა წარმოუდგენელია.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს.
ამასთან, "ჯორჯიან მანგანეზი" თანახმაა, მოიწვიონ დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც შეფასებებს და დასკვნებს გააკეთებს, შესაძლებელია თუ არა ხელფასის კიდევ 15%-ს გაზრდა.
მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ურთიერთშორის ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებულია 5%-ის ოდენობით. ცალსახად მოთხოვნილი იქნა 20%. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარტეთ და განგიმარტავთ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია. ჭიათურაში წლებია ეს კრიზისი გრძელდება, ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისიდან დაძლევის გზებს. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული იქნა კომისიის შექმნა ამ კრიზისის შესწავლის გზებზე, პრობლემატიკებზე. ჩვენი მხრიდან სრულიად მზაობაა, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი იქნეს მოწვეული, შესწავლილ იქნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა რესურსი კომპანიას 15% კიდევ დამატებით კიდევ ხელფასები გაუზარდოს თანამშრომლებს. ვცდილობთ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამ კრიზისის დაძლევის გზებზე ყველაზე მთავარ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. კიდევ გეუბნებით, მზად ვართ, ღია ვართ, - ამბობს "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი.
ლაშა თუთბერიძე დასაქმებულებს 12 საათის ნაცვლად 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლასაც სთავაზობს.
ცნობილია, მაღაროელებისთვის პოზიცია, მათთვის ხელფასის მხოლოდ 5%-ით მატება მიუღებელია.