რამდენად უსაფრთხოა წელს ზღვა - კვლევის შედეგები

19.06.23 18:50
რამდენად უსაფრთხოა წელს ზღვა - კვლევის შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთელ პერიმეტრზე წყლის ხარისხის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების თანახმად, მისი განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

„შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.

ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიკური დამაბინძურებლები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია", - წერია განცხადებაში.

შავ ზღვაში წყლის ხარისხის შესახებ შეკითხვები მას შემდეგ გააქტიურედა, რაც უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი დაინგრა.