კომპანიამ გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მოხდეს მაღაროელებისთვის მისაღები პირობების შეთავაზება - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურასა და თბილისში მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება. უწყების მიერ ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია, როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის.
ომბუდსმენი კომპანიას მოუწოდებს მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და შემჭიდროებულ ვადებში მისაღები პირობების შეთავაზოს.
"სახალხო დამცველი უშუალოდ შეხვდა მაღაროელებს და მოისმინა მათი პრობლემები, ასევე მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში. ჭიათურელი მაღაროელები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობენ. ასევე, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს და დასაქმებულები მიმართავენ პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის გუშინაც ერთ-ერთ მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის. სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ უფრო აქტიურად წარიმართოს მედიაციის პროცესი, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით",- წერია განცხადებაში.