მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტექნიკური კვლევები დაიწყო

23.06.23 16:27
მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტექნიკური კვლევები დაიწყო

მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტექნიკური კვლევები დაიწყო. კვლევებს საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

“ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.