კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები ხართ - ესებუა პროკურატურას

23.06.23 16:50
კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები ხართ - ესებუა პროკურატურას

კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები უწოდა ბადრი ესებუამ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს.

ესებუა ჩვენების მიცემისას ამტკიცებდა, რომ პროკურატურა მისი ოჯახის წევრებს ატერორებდა და უწყებას მოუწოდა, რო ცრუ ბრალდებებისგან თავი შეიკავონ.

ყველაფერზე გაგეცემათ პასუხი, ამბობდა ესებუა.

ცოტა ხნის წინ საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ. ბავშების მკვლელები ხართ თქვენ, ჩემსკენ ძალიან გთხოვთ ნუ იშვერთ ხელს.

ჩემი ოჯახი დაატერორეთ. ჩემი ძმა დაიჭირეთ, მამაჩემს ჩემს მოსაძებნად დაარბენინებდით, 9-ჯერ აქვს კაცს ინსულტი გადატანილი. ჩემი მეორე ძმა განყოფილებაში წაიყვანეთ და აწამეთ. ჩემი რძალო წაიყვანეთ ბავშვთან ერთად.5 თვის ბავშვი არ დაინდეთ თქვენ და თქვენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობთ საერთოდ. ნამუსი არ არსებობს ამ ქვეყანაში საერთოდ? ეს არის პიკი, რომ ადამიანს ასეთი ბრალდება წაუყენო. 

ყველამ იცის რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა. გთხოვთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი. ეს არის ზღვაში წვეთი, რაც მაქვს სათქმელი ამათ ჩადენილ დანაშაულებებზე და ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა.
თქვენ ხართ კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები. ჯერ თქვენს თავებს მიხედეთ, ან მოგხედავენ მალე. ყველაფერზე გაგცემენ თქვენ პასუხს, ასეთი რაღაცების გამო". - თქვა ესებუამ სასამართლოზე.

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული მსჯავრდებულის საქმეზე შესაძლოა, დღეს მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს.

ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ამ საქმეზე მას 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი),  სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.