ტექნიკის ექსპორტი რუსეთში - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, რომელიც საქართველოდან რუსეთში ტექნიკის ექსპორტს ეხებოდა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
უწყება შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟს დეზინფორმაციას უწოდებს და ირწმუნება, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველო დადგენილ წესებს მკაცრად იცავს და ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას მონიტორინგს უწევს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის" გადაცემა - ,,ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა იმ პროდუქციის გატანა, ამ შემთხვევაში სიუჟეტში დასახელებული საყოფაცხოვრებო ელექტრო-ტექნიკის, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში და რომელზეც ვრცელდება ევროპის საბჭოს მიერ 2014 წლის 31 ივლისის (EU) №833/2014 მიღებული რეგულაციის მოთხოვნა, (რომელიც გულისხმობს ელექტრო- საქონლის ევროკავშირიდან ექსპორტის აკრძალვას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით) დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ საქონლის საცალო ღირებულება არ აღემატება 750 ევროს.
ამასთან, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის რესპუბლიკის ან ბელარუსის დანიშნულებით (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება.
სანქციების აღსრულების კუთხით, საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ, ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია.
აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქიებისგან თავის არიდების საშუალებად.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელ ჟურნალისტებს კომპანიებმა დაუდასტურეს, რომ ლარსის გავლით რუსეთში გადის ის ტექნიკა, რომელსაც ჩიპები აქვს, ეს ჩიპები კი აგრესორ სახელმწიფოსსს უკრაინაში ომისთვის ჭირდება.