მეუფე სტეფანეს ჰომოფობიური განცხადება - სასულიერო პირი კინოხელოვანებს არაფრისმაქნისებს უწოდებს

26.06.23 13:48
მეუფე სტეფანეს ჰომოფობიური განცხადება - სასულიერო პირი კინოხელოვანებს არაფრისმაქნისებს უწოდებს

მეუფე სტეფანე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და კინოხელოვანებს არაფრისმაქნისებს უწოდებს. სასულიერო პირი კინორეჟისორებს უხამსობის პროპაგანდასა და იდეოლოგიურ დივერსიებში ადანაშაულებს. 

გუშინ შევხედე ტელევიზორს და მოკლედ არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არცერთი არ ვიცით ვინ არის, საერთოდ, და თუ ვინმეს უნახავს კიდევ ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია, ეგეც საინტერესოა, რა. როგორი რაღაცაა, იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაციშვილმა არ იცის, რა გააკეთეს. მე სპეციალურად ვცდილობდი ხოლმე, რომ რა გადაიღეს ქართულად, ქართული ფილმი მენახა ხოლმე და წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, იდეოლოგიურ დივერსიებს და იმ წუთში ვაგდებდი. გამიჭირდა, რომ ქართული ფილმი მენახა ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. და ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ, სულ რაღაც ან რაღაც ისეთია, ნარკომანია, რომელიც ფაქტობრივად დამთრგუნველ სიტუაციამდე მიდიხარ, სულ ტირიან, სულ რაღაც უბედურება. თქვენ რომ იცოდეთ ფესტივალებისთვის ფილმების გადაღებას რა უნდათ იცით, ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის სხვა არის, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი აქვს, იმას უნდა, რომ თავისი რაღაც იდეოლოგია გაატაროს, ამისთვის ითხოვს, რომ აუცილებლად იყოს იქ ლჭპტ, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, ანუ ქალი რაღაცა იქით-აქეთ, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი პერსონაჟი და არავითარ შემთხვევაში უარყოფითი პერსონაჟი არ უნდა იყოს, და უნდა იბრძოდე, მთელი სულისკვეთება ბრძოლისა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც იდეოლოგიურად ჩამოგითვალეთ, რომ ამისი გამარჯვება მოხდეს და ღმერთზე ხსენება არ შეიძლება,  - ამბობს მეუფე სტეფანე.