"ლიბერთის" ახალი სკანდალი - ბანკი ემიგრანტი პენსიონერების მიერ გაცემულ მინდობილობას არ ცნობს და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის მსურველებს, უარით ისტუმრებს
ლიბერთი ბანკი ემიგრანტი პენსიონერების მიერ გაცემულ მინდობილობას არ ცნობს და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის მსურველებს, უარით ისტუმრებს - ინფორმაციას "მოქალაქეების" წევრი, ქეთი თურაზაშვილი ავრცელებს.
"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ყველა ემიგრანტს, ვინც მე მწერთ და მიზიარებთ პრობლემებს, რა პრობლემები გექმნებათ ამ შემთხვევაში ლიბერთი ბანკთან. ერთ-ერთმა ქალბატონმა და სამწუხაროდ არა ერთადერთმა, მომწერა, რომ მას ჰქონდა მინდობილობა გაკეთებული საკუთარ შვილზე, მაგრამ ლიბერთი ბანკმა უარი უთხრა რაიმე ქმედების განხორციელებაზე. ამ ქალბატონს უნდოდა, რომ თავისი სესხი დაეფარა და პენსია აეღო სრულად, მაგრამ ლიბერთი ბანკმა მის შვილს უთხრა, რომ მინდობილობით მსგავსი რაღაცეები არ კეთდება და ემიგრანტი ქალბატონი თავად უნდა ჩამოსულიყო და მისულიყო ლიბერთი ბაკში. ეს ქალბატონი რამდენიმე წელი კიდევ არ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდეს, რომ ლიბერთი ბანკს ასე სურს?! ამიტომ, მე მოვამზადე წერილი ლიბერთი ბანკისთვის და ასევე ამ წერილს ვუგზავნი ეროვნულ ბანკს, რომ ეროვნული ბანკიც საქმის კურსში იყოს უფრო სწორად რას არ აკეთებს ლიბერთი ბანკი და როგორ ეუბნება მინდობილობით გარკვეული საკითხების მოგვარებაზე უარს მისულ ადამიანებს. მე აუცილებლად გაგიზიარებთ რა პასუხს მომწერს ლიბერთიც და რა პასუხს გამცემს ეროვნული ბანკი" - აცხადებს ქეთი თურაზაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისს პროტესტის ნიშნად წითელი საღებავით სავსე კონტეინერები ესროლეს.