TI: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა ვერ პასუხობს კორუფციისა და სასამართლო მიმართულებით მთავარ გამოწვევებს
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა ვერ პასუხობს კორუფციისა და სასამართლო მიმართულებით მთავარ გამოწვევებს - ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
TI-ში ამბობენ, რომ წინამდებარე დოკუმენტის მიზანია შეაფასოს რამდენად პასუხობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს შემდეგი ორი მიმართულებით: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო რეფორმა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა არ პასუხობს კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით ახალი - 2021-2027 წლების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტების უმეტეს ნაწილს და ამასთან, უგულებელყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან თითქმის ყველა გამოწვევას.
შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ ფრაგმენტულ ცვლილებებზე და სამწუხაროა, რომ სამთავრობო ხედვა მთლიანად უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში თუ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ უმთავრეს პრობლემებს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მიერ მოწონებული სამოქმედო გეგმის ყველა აქტივობების სრულად შესრულების შემთხვევაშიც, ძირითადი გამოწვევები კვლავ გამოწვევებად დარჩება.
სამწუხაროა, რომ სამოქმედო გეგმამ არ გაითვალისწინა არც სამოქალაქო საზოგადოების მიერ ალტერნატიული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეთავაზებული მიზნები, ამოცანები და აქტივობები.
იმისთვის, რომ სამოქმედო გეგმამ შინაარსობრივად ზუსტად ასახოს ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტები, აუცილებელია, დღის წესრიგის დოკუმენტი გამოყენებული იქნეს, როგორც ჩარჩო-დოკუმენტი, სტრატეგია. შესაბამისად, დღის წესრიგში გაცხადებული ზოგადი, ასევე მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტები უნდა გადაკეთდეს მიზნებად და ამოცანებად, და მხოლოდ შემდეგ გაიწეროს საჭირო აქტივობები. აუცილებელია, გავლენის და ამოცანის შედეგის ინდიკატორების, სამიზნე და საბაზისო მაჩვენებლების განსაზღვრა.
გარდა ამისა, უმჯობესი იქნება თუ სამოქმედო გეგმა არა ერთწლიან, არამედ ორ ან სამწლიან პერიოდს დაფარავს. ეს ხელს შეუწყობს როგორც მაკოორდინირებელი და ჩართული უწყებების რესურსების (ადამიანური, ფინანსური, დროითი) დაზოგვას, ისე მოკლევადიანი მიზნების მიღწევაზე უკეთ ორიენტირებული ამოცანებისა და ინდიკატორების შემუშავებას.
სამოქმედო გეგმის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მასზე გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის N629 დადგენილებით დამტკიცებულ „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესით“ დადგენილი მინიმალური სტანდარტები. თავად N629 დადგენილება ასოცირების შეთანხმების საფუძველზე დაწყებული საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. წინა სამოქმედო გეგმების სისუსტის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მისი შემუშავების ეტაპზე პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისთვის დადგენილი სულ მცირე მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფა იყო.
და ბოლოს, აუცილებელია, სამოქმედო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპზე დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა. მაგალითად, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განხილვა, ინიციატივის ავტორების ჩართულობით- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განხზადება სრულად: