"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ომბუდსმენმა ხანდაზმულთა თავშესაფრის მდგომარეობის შესახებ შსს-ს მიმართა
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, სახალხო დამცველმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფრის მდგომარეობის შესახებ შსს-ს მიმართა.
ლევან იოსელიანი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, აღირიცხოს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.
რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება თამთა დოლენჯაშვილმა მოამზადა - სიუჟეტში საუბარია, საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
„სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია.
სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.