როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი 13 წლის შემდეგ დააკავეს

28.07.23 14:45
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი 13 წლის შემდეგ დააკავეს

სერჟანტ როინ შავაძის მიმართ უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.

საქმეს პროკურატურამ მეორედ, მას შემდგე გამოიძია, რაც ევრო სასამართლომ ყოფილი ჯარისკაცის საქმეზე  სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაადგინა. როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის დილაობით დააკავეს, შემდეგ კი პროკურატურის მტკიცებით, ძალოვანებმა ჩაცხრილეს

პროკურორის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს  საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“  ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების  როგორც პროცედურული, ასევე არსებითი  ნაწილის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა"- აღნიშნეს შოთაძის უწყებაში. 

პროკურატურის განცხადება ვრცლად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები