მოქალაქეები პოლიციას ძალადობაში ამხელენ - იურისტებმა პროკურატურას უკვე მიმართეს

01.08.23 12:28
მოქალაქეები პოლიციას ძალადობაში ამხელენ - იურისტებმა პროკურატურას უკვე მიმართეს

იურისტები გენერალურ პროკურორს შსს-ს 4 თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრას სთხოვენ. ირაკლი კვეკვესკირმა და დავით ნარსავიძემ შოთაძის უწყებას უკვე ჩააბარეს წერილობითი მოთხოვნა.

მოქალაქეები ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ამხელენ. უფლებადამცველების ცნობით, დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს, ბოლოს კი სასამართლოში ცრუ ჩვენებები მისცეს.

იურისტების თქმით, ნარსავიძის დაკავება მაშინ გახორციელდა, როდესაც მან შენიშვნა მისცა იქ მყოფ ადამიანებს, თუ რატომ არ მოხდა კონფლიქტის სიტუაციის განმუხტვა. იურისტი ამბობს, რომ დაკავების მომენტში და შემდგომ უკვე განყოფილებაში გადაყვანისას პირზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

დავით ნარსავიძემ კონფლიქტში მონაწილე ძირს დავარდნილი ერთ-ერთი ქალბატონი წამოაყენა და გარშემომყოფებს შენიშვნით მიმართა თუ რატომ არ სცადეს მანამდე არსებული კონფლიქტის განმუხტვა, რასაც მოჰყვა უკვე დავით ნარსავიძის დაკავება. როგორც დაკავებისას ისე მათი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. სასამართლოში დაკითხულმა ოთხივე მოწმე პოლიციელმა იცრუა და მათ აღნიშნეს, რომ თითქოს მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ეცვათ სამსახურებრივი ფორმები", - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, მარიამ პატარიძე.

იურისტების მტკიცებით, სამართალდამცავებმა სასამართლოს განზრახ ცრუ ჩვენებები მისცეს. 

სამართალდამცავებმა იძალადეს მოქალაქეებზე და შემდეგ უკვე სასამართლო განხილვების დროს ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას მათ მისცეს განზრახ არასწორი ჩვენება სასამართლოს, დამალეს მნიშვნელოვანი გარემოებები და პირიქით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს რიგ შემთხვევებზე, ამიტომაც ჩვენ ამ გარემოებებზე მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, რომ ის დაუსჯელობის სინდრომი, რაც დღეს არსებობს სამართალდამცავ სისტემაში, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ რიგ შემთხვევებში ტოლერანტობა არის ხოლმე გამოჩენილი პოლიციელის ასეთი ქმედებებისათვის", - ამბობს გურო იმნაძე.