იძულებით გადაუღო ფოტოები, გააუპატიურა და არასრულწლოვან შვილს გადაუგზავნა – უმძიმესი ფაქტი ბოლნისში

01.08.23 14:34
იძულებით გადაუღო ფოტოები, გააუპატიურა და არასრულწლოვან შვილს გადაუგზავნა – უმძიმესი ფაქტი ბოლნისში

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში მცხოვრებმა 1985 წ-ს დაბადებულმა ი.ა-მ , 2022 წლის 28 მაისს, შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით აღნიშნული პროცესი უკანონოდ გადაიღო.

ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი "ფეისბუქ მესენჯერის" საშუალებით დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს გადაუგზავნა.

უწყების ცნობით, გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილა, მათგან 2 პირი დაკავებულია, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.