პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება - 10-ზე მეტი არასამთვარობო ორგანიზაცია კაციტაძის უწყებას მიმართავს

01.08.23 15:51
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება - 10-ზე მეტი არასამთვარობო ორგანიზაცია კაციტაძის უწყებას მიმართავს

სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტების გამოძიებას ითხოვს მესამე სექტორი. არასამთავრობოებმა გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს კაციტაძის სამსახურს.

იურისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაზე საუბრობენ. არასამთავრობოები ორგანიზაციებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეუბნებოდნენ სად იყვნენ აქციაზე დაკავებულები გადაყვანილები და როგორი იყო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, აქციის მონაწილეების დაკავებას კი არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

პოლიციის მხრიდან, ძალის გადამეტების საკითხი არის სისტემური პრობლემა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულს წარმოადგენს და სამწუხარო არის, რომ პოლიციის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეების დაკავებას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძვლები, ის გამოიყენება თვითნებურად მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის შინაარსის მიხედვით, რომელი პროტესტიც მიუღებელია იქ პოლიცია არის განსაკუთრებით აქტიური და რეპრესიული. საპოლიციო ძალის ამ მასშტაბის ამ ფორმით გამოყენება წარმოადგენს გარკვეულად პოლიციის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას", - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის თქმით, დღეს პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს, სწორედ ამიტომ გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართული, რათა მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ.

ის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული ძალიან სერიოზულ რისკებს აჩენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, აუცილებელი არის, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე გამოძიება იყოს წარმართული მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მოქალაქეებმა იცოდნენ გამოძიების მსვლელობის შესახებ იმიტომ, რომ დღეს პოლიციაში არსებობს დაუსჯელობის სინდრომი", - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავას შეფასებით, ცალსახად დაირღვა ხალხის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მათ კანონით ჰქონდათ მინიჭებული. 

აქ ამ შემთხვევაში ცალსახად ირღვევა იმ ხალხის გამოხატვის თავისუფლება თან ისეთი ადამიანების რომლებიც სწორად გამოხატავენ პროტესტის ძალიან ცუდი შემთხვევის მიმართ, რომლებსაც ამის უფლება აქვთ და მათი უფლება ცალსახად ირღვევა. ჩვენ პრობლემა შემდეგ ეტაპზე გვაქვს უკვე სასამართლოში იმიტომ, რომ ერთი, რომ დაკავება არ იყო საფუძვლიანი, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული იმ ხალხის მიმართ, რომლებიც საერთოდ არაფერს არ აშავებდა", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა.