ბათუმში დაკავებულების პროცესი - აქტივისტებმა პოლიციელები ძალადობაში პირდაპირ სხდომათა დარბაზში ამხილეს

01.08.23 20:05
ბათუმში დაკავებულების პროცესი - აქტივისტებმა პოლიციელები ძალადობაში  პირდაპირ სხდომათა დარბაზში ამხილეს

 

 

ბათუმის პორტში დაკავებულები სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში -  პროცესები დაიწყო და უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, რა სასჯელს გამოუტანს მოსამართლე 23 დაკავებულს. მათგან 20 საქართველოს მოქალაქეა, ორი უკრაინის და ერთი ისრაელის. დაპატიმრებულების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთი დაკავებული იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმების დახმარება დასჭირდა.  ადვოკატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

იდენტიფიცირებულია პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. პარტია "დროას" ინფორმაციით, ბათუმის სამმართველოს უფროსი  ირაკლი დგებუაძე მიწაზე დაგდებულ  ახალგაზრდას გამეტებით ურტყამდა. ახლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დევს, განცხადებები ათეულობით პოლიციელის მიერ ძალის გადამეტების  შესახებ. გამოძიება დაიწყო,   თუმცა  უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ეს საქმეც დიდი ალბათობით თაროზე შესანახად  არის განწირული.