პროტესტის მე-13 დღე გერმანიაში - პოლონური კომპანია უხელფასოდ დატოვებულ ქართველ მძღოლებს აქეთ უჩივის

02.08.23 11:28
პროტესტის მე-13 დღე გერმანიაში  - პოლონური კომპანია უხელფასოდ დატოვებულ ქართველ მძღოლებს აქეთ უჩივის

პროტესტის მე-13 დღე - საქართველოს მოქალაქეების აქცია გერმანიაში გრძელდება. ქუჩაში გამოსული მძღოლები ღია ცის ქვეშ იმ პოლონურმა კომპანიამ დატოვა, სადაც თვეების განმავლობაში მუშაობდნენ.

ამ დრომდე ქუჩაში დარჩენილ აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე კომპანია არ რეაგირებს, უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ სამართლებრივ დავასაც კი იწყებს.

გაფიცული მძღობელი ირწმუნებიან, რომ ისინი კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ, მაგრამ კომპანიიდან ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებია. უფრო მეტიც, მძღოლების თქმით, პოლონურ კომპანიას აქციის მონაწილე ქართველების მიმართ, გერმანიის პროკურატურაში სასამართლო დავაც კი დაუწყია.

მეცამეტე დღეა უკვე რაც აქ ვართ, ვითხოვთ ჩვენს დაკავებულ ხელფასებს. ჯერ-ჯერობით არავინ არ გამოსულა კონტაქტზე. საკვები მოაქვს თვითონ მოსახლეობასაც, მოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები. ჩვენი ფირმის ხელმძღვანელობას სარჩელი შეუტანია გერმანიის პროკურატურაში. იქიდან სამი გაგვესაუბრა აგვიხსნეს სიტუაცია და ახლა ვართ დაბარებული სამი ადამიანი, რომელიც უნდა წავიდეთ. სარჩელში არის ნახსენები, რომ ჩვენ მანქანები გავიტაცეთ", - ამბობს გაფიცული მძღოლი.

პროტესტის მონაწილეების თქმით, დაახლოებით 500-მდე ქართველია დაზარალებული, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში არიან. 

მანქანაში დგას მოწყობილობა, რომელიც იხდის ფასიან გზებს, თვითონ ეს კომპიუტერი. გათიშეს ყველაფერი, ზოგი იტალიაშია, ზოგი საფრანგეთშია. ეს მასა რომ, შეგროვდეს ალბათ 500 ქართველამდეა დაზარალებული ამ ფირმისგან. სხვადასხვა ქალაქებში, ქვეყნებში არიან და ამიტომ ვერ მოდიან აქამდე. ჯერ-ჯერობით, აქ ვინც ვდგავართ 85 ქართველს ვითვლით" - ამბობს პროტესტის მონაწილე მძღოლი.

შეგახსენებთ, რომ პოლონურ კომპანიაში დასაქმებული ქართველები 5-6 თვის აუღებელ ხელფასს ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეებს ღამის გათენება კი კვირაზე მეტია ღია ცის ქვეშ ან სატვირთოებში უწევთ.