ვინ არის პასუხისმგებელი ხიდის ჩანგრევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე? - გამოკითხვების სერია დაიწყო

03.08.23 13:03
ვინ არის პასუხისმგებელი ხიდის ჩანგრევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე? - გამოკითხვების სერია დაიწყო

ვინ არის პასუხისმგებელი ხიდის ჩანგრევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე? გომელაურის უწყებამ გამოკითხვების სერია დაიწყო. გამომძიებლების კითხვებს უპასუხებს  სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიის ადმინისტრაციაც და მშენებლობაზე დასაქმებული მუშებიც. 

კომპანია თავს იმართლებს, ამტკიცებენ,  რომ 55 წლის მძღოლმა უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვა და ტრაგედიის მიზეზი მათი უპასუხისმგებლობა არ გამხდარა. 

ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა,  რატომ ჩამოინგრა კონსტრუქცია, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებული იყო.

სატვირთო მანქანის მძღოლს 55 ტონიანი ფილა სართიჭალაში ვაზიანი -ბაკურციხის გზის  სამშენებლო სამუშაოების დროს დაეცა. ჯემალ მამუჩაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, დაცული ჰქონდა თუ არა სამუშაოების მწარმოებელ  ჩინურ კომპანიას იქ უსაფრთხოების ზომები და გამოიწვია თუ არა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა კონსტრუქციის ჩამონგრევა.

მომხდარზე გამოძიება 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები