ვრცელდებოდა ვითომ ჩემი განცხადება, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით - კობახიძე

05.08.23 13:38
ვრცელდებოდა ვითომ ჩემი განცხადება, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველომ უკრაინისგან დახმარებაზე უარი თქვა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი სპეკულაციები გამაოგნებელია:  

ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ვითომ ჩემი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით. როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაც ახერხებს ასე სპეკულირებას, ეს გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს", - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

რაც შეეხება  კრიტიკას, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენი მხოლოდ 3 საათის შემდეგ მივიდა, კობახიძე ამბობს, რომ ხეობაში არსებული პირობების გათვალისწინებით, სრული რესურსი იყო მობილიზებული.

სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. ერთადერთი, საუბარი იყო ვერტმფრენთან დაკავშირებით, რაზეც, როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო საქმე. რელიეფისა და პირობების გათვალისწინებით ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ყველა შემთხვევაში ამ პირობებში ღამით მუშაობის გაგრძელება. თუმცა, აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე ამ დეტალებში. არიან სამაშველო უწყებები და მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით. 

რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მაქსიმალური მობილიზაციაა, მაშველები არიან, პოლიციელები, სამხედროები და დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის. რაც შეეხება ტექნიკას, აქაც, როგორც ვიცი, სრულად არის უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები. დაბრკოლება სამაშველოს სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონია“, - აცხადებს კობახიძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე სტიქიური უბედურების ზონაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა. 

მსგავსი სიახლეები