ექსკლუზივი: მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - NEA-ს გამაფრთხილებელი SMS "ოცნებას" სტიქიამდე
"პირველებმა" მოიპოვა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, შესაბამისი სამინისტროების პირველ პირებს სტიქიამდე გაუგზავნეს.
მოპოვებულ SMS შეტყობინებაში NEA სამინისტროების პირველ პირებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, სააგენტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლეტექსტური შეტყობინებით აფრთხილებდა - "3-დან 5 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი"
მაღალი რანგის უწყების პირველი პირებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში პირდაპირ წერია:
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს"- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სამსახურის მთავარი ფუნქციაა ქვეყანაში მოსალოდნელი ნალექების, სტიქიების, ზვავსაშიშროების და ა.შ. წინასწარი პროგნოზირება და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ინფორმირება, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და გათვალისწინება.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ეს შეტყობინება ეგზავნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, საქართველოს მთავრობას და მთავრობის წევრებს, სამაშველო სამსახურებს, ძალოვან უწყებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის სპეციალურ სამსახურს, გუბერნატორებს და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერებს და აბსოლუტურად ყველა შესაბამის სამსახურებს.
ამის გარდა არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეც შეტყობინებები განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცვლელ კლიმატურ კატაკლიზმებზე, რომელსაც უწყება ავრცელებს შედარებით მცირე ჯგუფში (სამინისტრო, მთავრობა, შსს, სუსი და ა.შ).