15 წელი აგვისტოს ომიდან - მუხათგვერდის სასაფლაოზე "ოცნების" ლიდერები არ გამოჩენილან
აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. ამას ადასტურებს ჰააგაც, რომელმაც თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება დუმს. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების არცერთ უმაღლესი თანამდებობის პირს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. საქართველოს მთავრობა, პუტინის რეჟიმის მსგავსად, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს.
სხვაგვარად ფიქრობენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, რომლებიც დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიდიან. მათი თქმით, 15 წლის თავზეც ჭრილობები არ მოშუშებიათ. დაღუპული გმირის მეუღლე პირდაპირ ამბობს, რომ ბრძოლა რუსეთიზაციის წინააღმდეგ ახლაც მიმდინარეობს.
ჩემი მეუღლე არის უშანგი სოფრომაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ტყვეობაში ჩავვარდა ცხინვალის მისადგომებთან და თავის თანამებრძოლებთან ერთად ტყვეობაში დახვრიტეს. 2008 წელი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის ურთულესი და ძალიან მტკივნეული დღეებია. 15 წელია, ფაქტობრივად, ვითარება არ იცვლება, მაშინ თუ იარაღით იბრძოდნენ ჩვენი გმირები, დღეს მოქალაქეებს გვიწევს რაღაც-რაღაცეებზე პროტესტები. ცალსახად, ჩვენი ოჯახები ვაფიქსირებთ იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამპყრობელია, რუსეთი მტერია, - ამბობს მოქალაქე.
გმირთა მემორიალი ყვავილებით დილიდან ოპოზიციონერმა ლიდერებმაც შეამკრეს. პირველი ძმათა სასაფლაოზე "ევროპული საქართველო" გამოჩნდა. ადგილზე მივიდა ენმ და "სტრატეგია აღმაშენებელი".
7 აგვისტოს თავს დაგვესხა რუსეთი. ეს არის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებული ფაქტი. მითუმეტეს 2014-ის ყირიმის ანექსიის შემდეგ, ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ, ყველამ დაინახა, რომ რუსეთი არ გაჩერდა მხოლოდ საქართველოზე. ასქართველოს აქვს ძალიან დიდი მომავალი და ამ ბიჭების, ამ გმირების შენატანი არის ძალიან დიდი, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს, სავარაუდოდ, წინა წლის მსგავსად საქართველოს რპეზიდენტის მივა. უკვე ცნობილია, რომ გმირებს პატივს სახალხო დამცველიც მიაგებს.