პასუხგაუცემელი კითხვები - სად არის გამაფრთხილებელი სისტემები, რომელსაც "ოცნება" ჯერ კიდევ 2018 წელს გვპირდებოდა
გამაფრთხილებელი სისტემები, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა ჰქონოდა. კიდევ ერთი დაპირება მთავრობისგან, რომელიც უბრალოდ დაპირებად დარჩა, შედეგებს კი უმძიმესი ტრაგედიით ვიმკით. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი 2018 წელს ირწმუნებოდა, რომ 2021 წლისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემები დამონტაჟდებოდა. მინისტრი დაპირებას ვერ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ეს შოვში დატრიალებულ ტრაგედიას თავიდან ვერ აგვაცილებდა. ხელისუფლებას არგუმენტად გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნაც წამოეწია.
ეს დასკვნა კი ერთი ერთში იმეორებს "ქართული ოცნების" იმ მესიჯბოქსს, რომელიც ხელისუფლებას შოვის ტრაგედიის პირველივე დღიდან აქვს - "სტიქია მყისიერად განვითარდა, მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო, მიწის ჩამოშლა კი კომპლექსური სტიქიური მოვლენების გამო მოხდა" - წერენ სააგენტოს წარმომადგენლები, თუმცა ამ დოკუმენტის მიხედვითაც კი მოსახლეობას 8-10 წუთი ჰქონდა ტრაგედიის ეპიცენტრის დასატოვებლად. უბრალოდ გამაფრთხილებელი სისტემა არ არსებობდა, რომელიც განგაშის სიგნალს დროულად ჩართავდა.