სწორი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლა 4 წუთში შეეძლო - გეოლოგი შოვზე

07.08.23 21:33
სწორი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლა 4 წუთში შეეძლო - გეოლოგი შოვზე

ტრაგედია შოვში - გეოლოგი ლაშა სუხიშვილი "ტვ პირველთან" პირდაპირ ამბობს, რომ სწორი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა 4 წუთში შეეძლოთ. 

ექსპერტი ეკა მიშველკაძესთან აცხადებს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით ბევრი აქვს სასწავლი.

ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში სპეციალური გადამზადების მქონე დარგის პროფესიონალები არ არიან, შესაბამისად მოსახლეობა სტიქიასთან მარტო დარჩა. 

შოვი არ არის დიდი დასახლება, საკმაოდ პატარა ფართობზეა გაშენებული და 8-10 წუთში თავისუფლად შეუძლია ადამიანს, თუ ის პანიკაში არ ჩავარდება და ზუსტად იცის, როგორ მოიქცეს, მშვიდი სიარულით მივიდეს უსაფრთხო ზონამდე, მაგრამ ეს თვითონ არ უნდა განსაზღვროს.

შოვის ყველაზე შორი წერტილიდან, 4-5 წუთის განმავლობაში შეუძლია მას უსაფრთხო შეკრების ადგილზე მივიდეს. ეს დრო მაშინ არ იქნება საკმარისი, თუ ადამიანმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. იქნება დაბნევის, პანიკის მომენტი" - განაცხადა გეილოგმა. 

ცნობისთვის, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში წერია, რომ "სტიქია მყისიერად განვითარდა, მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო, მიწის ჩამოშლა კი კომპლექსური სტიქიური მოვლენების  გამო მოხდა". 

ამ დოკუმენტის მიხედვითაც კი მოსახლეობას 8-10 წუთი ჰქონდა ტრაგედიის ეპიცენტრის  დასატოვებლად - „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში“.

ირკვევა, რომ შოვში, უბრალოდ გამაფრთხილებელი სისტემა არ არსებობდა, რომელიც განგაშის სიგნალს დროულად ჩართავდა.

გარემოს დაცვის მინისტრის მტკიცებით, „შოვში სტიქია იმდენად სწრაფად განვითარდა, იქ ადრეული გაფრთხილების სისტემა რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, შეიძლებოდა, შედეგი ვერ გამოეღო“.

მსგავსი სიახლეები