"ისწავლეთ გეოგრაფია" - გელა მთივლიშვილი პაპუაშვილს
პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს გეოლოგების შემდეგ ჟურნალისტებიც პასუხობენ. "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი შალვა პაპუაშვილს ურჩევს, გეოგრაფია თავად ისწავლოს და "ოცნების" სხვა ლიდერებსაც ასწავლოს.
ამასთან, მთივლიშვილი ყვება, რომ სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს არ უშვებდნენ და ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ მედიას საზოგადოებისთვის უკმაყოფილო ხალხის ინფორმაცია არ გამოეტანა.
გეოგრაფიის დაგვიწუნა ხომ თან პაპუაშვილმა? გეოგრაფია თვითონ ისწავლოს ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ და მერე სსხვებს ასწავლოს კიდევ თანამდებობის პირებს. ფეხით მაქვს შემოვლილი, მხოლო წიგნში და რუკაზე არ მინახავს, ყველა უღელტეხილი და ყველა საფეხმავლო გზა, ამიტომაც მოვახერხე შესვლა სტიქიის ეპიცენტრში შემოვლითი გზებით, სადაც დღემდე არ უშვებენ ჟურნალისტებს და არ უშვებენ, მათ შორის, სწორედ იმიტომ, რომ იქიდან უკმაყოფილო ხალხის ინფორმაცია არ გამოვიტანოთ.
ადგნენ და მთელი მედია შოვის მისადგომებს ჩამოაშორეს 4 კმ-ით და მონაცვლეობით, 10, 15-20 წუთი შეჰყავთ ოპერატორები თავიანთი მანქანით, რომელსაც კითხვის დასმის უფლება არ აქვს. რეალურად, ამ წუთში, ეს არის საგანგაშო ამბავი, რომ ჩვენ საზოგადოებას არ მივაწოდეს სწორი ინფორმაცია, რა მოხდა იქ. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ატარებს ერთ ხაზს, ანუ სამთავრობო პროპაგანდა შეთანხმდა, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება არ შეგვეძლო. ჩვენ შეგვიძლია, რომ ყველას ერთად, ხელისუფლებას, მედიას, ადამიანებს, სტიქიური პროცესი არ იქცეს სტიქიურ უბედურებად ანუ იქ არ დაღუპულიყო ხალხი. ეს არის მთავარი, ამის აცილება ნამდვილად შეგვეძლო, - ამბობს გელა მთივლიშვილი.
"ოცნების" სამიზნე დღს გეოლოგები, სეისმონოლოგები და ჟურნალისტები გახდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არაპროფესიონალად და მატყუარად გამოაცხადა ყველა, ვინც ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებების და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, შოოვის ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.