ტრაგედიის მეათე დღე - სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ქვათაცვენის გამო შეჩერებული იყო
ტრაგედიის მეათე დღე - სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გვაინ ღამით ქვათაცვენის გამო შეწყდა. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დილით ვერტმფრენით და დრონებით მდინარე ბუბას ხეობის დათვალიერება მოხდა და რაიმე მნიშვნელოვანი ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამიტომაც დილიდან სამძებრო სამუშაოები ისევ აქტიურად გაგრძელდა.
წუხელ გვაინ რამით მოხდა ქვათაცვენის ფაქტი, რაც ასეთი მასშტაბური სტიქიებისთვის დამახასიათებელია. იმის გამო, რომ იყო ცუდი ხილვადობა, ჩვენ შევაჩერეთ საძიებო სამუშაოები დილამდე. დილით მოხდა ვერტმფრენით და დრონებით ამ ხეობის დათვალიერება და რაიმე მნიშვნელოვანი ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია". - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
სამაშველო ოპერაციის არეალი 54 კილომეტრამდე გაიზარდა. ტრაგედიდან მეათე დღეს ცხრა დაკარგულ ადამიანს აბროლაურის აეროპორტის ტეროტორიაზეც ეძებენ. მაშველეები და ჯარისკაცები, ამ წუთებშიც, მდინარე რიონის ყველაზე გაშლილ მონაკვეთთან მუშაობენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებს ამინდი. დილით რაჭაში წვიმდა.
მეათე დღეა სტიქიის ადგილას დაუღალავად მუშაობს წითელი ჯვარი, რომელიც საკვებით და წყლით ამარაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც მაშველებს სამძებრო სამუშაოებში ეხმარებიან.
შოვში 2 ლოკაციაა სადაც მზადდება ცხელი საკვები, ასევე არის სამედიცინო პუნქტებიც.
ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.