ასე უპატრონოდ მიტოვება არ შეიძლება, მაშველები უნდა იყვნენ - გიორგაძე სიონის ტბაზე მომხდარ ტრაგედიაზე
საქართველოში მხოლოდ 2 თვეში წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის 9 არასრუწლოვანია. ეს საგანგაშო სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებია. სტატისტიკაში მოხვდა გუშინ სიონის ტბაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეც - მოზარდი ტბაში საღამოს საათებში გაუჩინარდა. თუმცა, სამაშველო ოპერაცია დაგვიანებით დაიწყო, რადგან გაირკვა, რომ სიონის ტაბზე, სადაც ბევრი დამსვენებელია, მაშველები არ იყვნენ.
სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე ამბობს, რომ ამ ადგილის ასე უპატრონოდ დატოვება არ შეიძლება და ადგილზე მაშველებისა და გამაფრთხილებელი ბანერების აუცილებლობაზე საუბრობს.
არ შეიძლება ასე უპატრონოდ მიტოვება, ვინაიდან ყოველ წამს შეიძლება ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდეს. იქ არ უნდა მაინცდამაინც დიდი სამაშველო ჯგუფები. იქ ორი სამი ადამიანი ყოველდღიურად რომ მორიგეობდნენ და აწარმოებდნენ შემოვლას, აუცილებლად ავიცილებთ თავიდან ასეთ ფაქტებს. მარტო სამაშველო ჯგუფები არა, იქ აღნიშვნის ბანერებიც უნდა გაკეთდეს. სად შეიძლება ბანაობა, ზონებად დაიყოს". - ამბობს თემურ გიორგაძე.
სიონის წყალსაცავზე, დამატებითი გამაფრთხილებელი ნიშნები დღეს დაამონტაჟეს.