ქვათაცვენა რკინიგზის ლიანდაგზე - მოსახლეობა პასუხისმგებლობას რკინიგზის დეპარტამენტს და მერიას აკისრებს

17.08.23 13:23
ქვათაცვენა რკინიგზის ლიანდაგზე - მოსახლეობა პასუხისმგებლობას რკინიგზის დეპარტამენტს და მერიას აკისრებს

ქსნის ქუჩაზე ჩამოშლილი კლდის პერიმეტრზე მძიმე ტექნიკა ცოტახნის წინ მივიდა. რკინიგზის ლიანდაგზე გაწმენდითი სამუშაოები ცოტახანში უნდა დაიწყოს. ადგილობრივები პასუხისმგებლობას რკინიგზის დეპარტამენტს და მერიას აკისრებენ.

რკინიგზის დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიანდაგზე მგზავრებით სავსე მატარებელი გადაადგილებდა. ადგილზე იმყოფება ოპოზიციაც.

ბესიკ დონაძის თქმით, ინციდენტის ადგილზე დამზღვევი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული, ვინაიდან არსებობდა კლდის ჩამოშლის საფრთხე. "ევროპული საქართველოს" წევრის აზრით, რკინიგზის სამსახურს მარტივად უნდა გაეთვალა მოსალოდნელი საფრთხეები და შესაბამისადაც უნდა ემოქმედა.

რკინა ბეტონის  კედელი, რომელიც აქ არის მოწყობილი ეს არის წინა საუკუნეში მოწყობილი  და იმის შემდეგ თითი არ არის დადებული. აქ არსებობს ჩამოშლის საფრთხე და შესაბამისად დამზღვევი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული, მაგრამ სამწუხაროდ არც თვითმმართველობა აღმოჩნდა საჭირო სიმაღლეზე და არც რკინიგზის დეპარტამენტი. გულგრილი დამოკიდებულებაა ორივე სამსახურის, როგორც რკინიგზის სამსახურის ასევე თვითმმართველობის, რადგან თვითმმართველობა მოსახლეობიდან გამომდინარე იცით, რომ ინფორმირებული იყო, ხოლო რკინიგზის სამსახურს რისკები მარტივად უნდა გაეთვალა და საფრთხეები უნდა შეესწავლა და შემდეგ უნდა ემოქმედა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, მერიამ საკითხი კომპლექსურად უნდა შეისწავლოს და ზომები მიიღოს რისკების პრევენციისთვის. ბუაძე ამბობს, რომ გამგეობა ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეზე, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა.

რელიეფიდან გამომდინარე ძალიან ხშირი არის ქვათაცვენის შემთხვევები, რაც ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა და აუცილებელია, რომ თბილისის მერიამ ეს საკითხი შეისწავლოს კომპლექსურად იმისათვის, რომ შემდეგ ერთიანად მიიღოს ზომები ასეთი რისკების პრევენციისათვის. ქსნის ქუჩაზეც გვაქვს ანალოგიური შემთხვევა, სადაც მოსახლეობის მიმართვის მიუხედავად გამგეობას არ გადაუდგია შესაბამისი ნაბიჯები და სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ერთობლიობაში ქალაქში ყველა ასეთი ტერიტორია იქნას შესწავლილი და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკები იქნას მინიმუმამდე დაყვანილი", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა - ინციდენტი ქსნის ქუჩაზე რკინიგზის ლიანდაგზე მაშინ მოხდა, როდესაც თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი გადაადგილდებოდა. შემთხვევის გამო მატარებელი გაჩერდა - მგზავრების ნაწილმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა. 

მსგავსი სიახლეები