2023 წლის "თბილისობა" 3 140 175 ლარი ჯდება

17.08.23 13:35
2023 წლის "თბილისობა" 3 140 175 ლარი ჯდება

მიმდინარე წელს, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს დედაქალაქში მერია "თბილისობის" დღესასწაულის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს. 

მერიამ ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა და 3 140 175 ლარის მომსახურების შეძენა ტენდერის გარეშე სურს.

როგორც ატვირთულ წერილში ვკითხულობთ, თბილისის მერიამ თბილისობის ღონისძიების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების გადაწყვეტილება ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე მიიღო. მათი თქმით, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. მერიაში მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი თქმით, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია “თბილისობის” დღესასწაულს თითქმის ყოველ წელს გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს. გასულ წელს აღნიშნულ ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები