"ჩემს შვილს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა" - Naec-ს შეიძლება ევროსასამართლოში უჩივლონ

17.08.23 15:43
"ჩემს შვილს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა" - Naec-ს შეიძლება ევროსასამართლოში უჩივლონ

გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ დავა შესაძლოა ევროსასამართლოში დაიწყოს. Naec არც სასამართლოს განჩინებას და არც სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ ასრულებს და აბიტურიენტს განათლების უფლებას დემონსტრაციულად უზღუდავს.

საქმე სანდრო ბაჩიაშვილს ეხება - აბიტურიენტს, რომელმაც ისტორიის გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა, სამინისტრო განმეორებით გამოცდის ჩატარებაზე სასტიკ უარს ეუბნება. ახლა ამ საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, თუ გამოცდების ცენტრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაშინ სამართლებრივი ბრძოლა, სავარაუდოდ, სტრასბურგში გაგრძელდება.

დაზარალებული აბიტურიენტის დედა ირწმუნება, რომ მათ მინისტრი ებრძვის. ამას გარდა, დედის ინფორმაციით, აბიტურიენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტანციას გამოიყენებენ, თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, საქმეს უკვე სტრასბურგში გაიტანენ.

იმედიც არ მქონდა, რომ რამე სხვას გავიგებდით, არაფერს ეს არ ნიშნავს. ჩემი შვილი არის მძიმედ, მას აქვს ფსიქოლოგიური ძალიან სერიოზული დარტყმა, ჩვენ გვებრძვის მინისტრი, მის მაგიდაზე არის სანდროს წერილი, სადაც მან სთხოვა პრეცედენტი გამოიყენოს, რადგან გვეთანხმება იმაში, რომ  ჩვენ დავზარალდით, გამოიყენოს პრეცედენტი და დასვას ის პირობით სტუდენტად, რა თქმა უნდა ამაზეც იქნება უარი, როცა ჩვენ ამოვწურავთ ინსტანციებს ჩვენ წავალთ სტრასბურგში, არ ვიცი რამდენს გაწელავენ იმიტომ, რომ მე მაქვს ეჭვი, რომ ძალიან შეგვიშლიან ამაში ხელს, მაგრამ ჩვენ წავალთ ბოლომდე სტრასბურგამდე. ასევე ყველა ხერხით, რომელიც მაქვს მე ერთ მოქალაქეს მე აუცილებლად შევეცდები ბოლომდე ამას", - ამბობს აბიტურიენტის დედა, ინგა ბაშიროვი.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტის თქმით, სტრასბურგში იმ შემთხვევაში შეძლებენ საქმის წაღებას, თუ ადგილობრივ დონეზე ყველა შესაძლო უწყებას ამოწურავენ. იურისტის თქმით, დაზარალებულ აბიტურიენტს დაერღვა განათლების უფლება და ამასთან გასაჩივრების უფლებაც.

სტრასბურგში წაღება დამოკიდებულია იმაზე, რომ ამოიწუროს ადგილობრივ დონეზე ყველა შესაძლო უწყება და მივმართოთ ყველას, ვისაც შეეძლო ამის განხილვა. განათლების უფლება დაერღვა ცხადია, პირველ რიგში, რადგან მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამოცდაზე გავიდეს იმ დაბრკოლებებისგან დამოუკიდებლად, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი მათ უსახავს აბიტურიენტებს და ასევე, მოცემულ შემთხვევაში დაირღვა აბიტურიენტის გასაჩივრების უფლება", - ამბობს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, თაკო კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები