ტრაგედიიდან მე-16 დღე - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
მე-16 დღე რაჭის სტიქიიდან - ტრაგედიის ადგილას ისევ დაკარგულებს ეძებენ. მეორე დღეა სამძებრო ოპერაცია მდინარე ჭანჭახის და რიონის კალაპოტში გრძელდება. მაშველები იქ კიდევ 6 დაკარგულს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია უკვე დასრულდა შოვში კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც 27 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. ცხედრების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ნაწილის კი ახლა ხდება.
რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველაძის თქმით, გუშინ საღამოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორების არეალში. რწმუნებული ამბობს იმასაც, რომ ყველა იმ მდინარის კალაპოტი იქნება გაწმენდილი, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს.
"დაკარგული 33 ადამიანიდან, ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, რომელიც არის ამოსვენებული და გრძელდება დაკარგული პიროვნებებზე საძიებო სამუშაოები, უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება სამძებრო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან იყო დაშორებული დაახლოებით 25 კილომეტრით. ყველა მდინარე, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს ის კალაპოტებიც იქნება გაწმენდილი, პრევენციის მიზნით", - ამბობს პაპუნა მარგველიძე.