სასტუმრო მდინარის კალაპოტში - შენობა არაგვის ჭალაში შესაძლოა, მორიგი ტრაგედიის ეპიცენტრი გახდეს
სასტუმრო მდინარის კალაპოტში - "ქართულმა ოცნებამ" არაგვის ჭალაში ჯერ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა, მშენებლობას მხარი დაუჭირა ეკონომიკის სამინისტრომ და საშიში კონსტრუქციის მშენებელობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა.
"აწარმოე საქართველოს" მიერ გაცემული გრანტით, 4 სართულიანი შენობა არაგვის კალაპოტში უკვე დგას. ახლა იქ ბოლო სარემონტო სამუშაოებია დარჩენილი. საგანგაშო ვიდეო მასალა თავდაპირველად "მთის ამბებმა" გაასაჯროვა.
ექსპერტები და გარემოსდამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადგილი შესაძლოა, მორიგი ტრაგედიის ეპიცენტრი გახდეს, ამიტომ დუშეთის მერიის წინააღმეგ გამოძიების დაწყებას და სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
"მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე აცხადებს, რომ ეს არის დანაშაული, რადგან ეს ადგილი წარმოადგენს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ტერიტორიას და იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია.
"დიდი დანაშაული იყო ზოგადად ამ ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, ალბათ არც იყო სათანადოდ შეფასებული რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ მდინარის კალაპოტში ამხელა ნაგებობა, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი ნებართვა გაცემულიყო და აშენებულიყო. მდინარე ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ კალაპოტს, შესაბამისად დატბოროს შენობა, რომელიც როგორც ვხვდებით გათვლილია სასტუმროზე. იქნება ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილი, რომელთაც არ ეცოდინებათ იმ რისკის შესახებ, რომელიც ამ შენობას დღესვე აქვს და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის მფლობელის, მაგრამ უპირველესი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფო უწყების, რომელმაც გასცა მშენებლობის ნებართვა". - ამბობს ნინო გუჯარაიძე.
გეოლოგები მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგედიები გარდაუვალი იქნება.
"მე მგონი, რომ პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ მიზანშეწონილი არ არის, მიზანშეწონილი არ არის კი არა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ შეიძლება. მთიანი რეგიონია, აქ არის მის ჩრდილოეთით გლაციალური რელიეფის ფორმები მყინვარები, რამაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს იგივე მოვლენები, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ამ თვის დასაწყისში რაჭაში. მდინარის ჭალაში შენობის აშენება არაფრის არ შეიძლება იმიტომ, რომ მდინარის ჭალა ეს არის მისი ბუნებრივი კალაპოტი, ანუ მდინარის ჭალა არის ადგილი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დატბოროს თავად მდინარემ. ეს არის ალბათ პროფესიული მოვალეობების არასწორად გამოყენება ისე, რომ საფრთხეში ჩააგდო ადამიანის სიცოცხლე შესაბამისად ეს რა თქმა უნდა უნდა იყოს დასჯადი იმიტომ, რომ ჩვენ თუ ადამიანებს ვატყუებთ ასე გამოდის, იმიტომ, რომ როდესაც მიდის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი არ იცის შევა იმ სასტუმროში და დაისვენებს, სინამდვილეში ის არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. იურისტი კი არ უნდა სწავლობდეს გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიმდინარე მოვლენებს, რელიეფს უნდა სწავლობდეს კონკრეტული სპეციალისტი, გეომორფოლოგი, ჰიდროლოგი, გლაციოლოგი და მსგავსი სპეციალისტების ნაკლებობა ჩვენს ქვეყანაში არის" - ამბობს გეოლოგი.