კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 4 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი 4 მლნ-მდე ლარით დაჯარიმდა.
სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.
საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
"კრიტიკულად იქნა დანახული მარტი-აგვისტოს პერიოდი. თემა ეხებოდა საქართველოში შემოდინებული გაიაფებული იმპორტის გონივრულ და სათანადო დროში არ ასახვას საცალო ბაზარზე. აღნიშნული ქმედება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა კონკურენციის კანონის მე-7 მუხლის დარღვევად, რომელიც გულისხმობს კოორდინირებულ ქმედება დროის ამ შუალედში. 5 მსხვილ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები, რომელიც ჯამურად არის 4 მილიონ ლარამდე" - ამბობს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
▪️კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
▪️დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.