შიმშილით სიკვდილის პირველი შემთხვევა - მთიანი ყარაბაღიდან უმძიმესი ცნობა ვრცელდება
შიმშილით სიკვდილის პირველი შემთხვევა - მთიანი ყარაბაღიდან უმძიმეს ცნობას OC MEDIA ავრცელებს. გარდაცვლილია 40 წლის კაცი.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კაცი "ქრონიკული კვების უკმარისობითა" და "პროტეინისა და ენერგიის დეფიციტით" დაიღუპა. სახალხო დამცველის ოფისმა მომხდარს "აზერბაიჯანის მიერ არცახის 8-თვიანი ბლოკადის კატასტროფული შედეგი" უწოდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლოკადის გავლენა "პირველ რიგში აისახება საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების - ბავშვების, ორსული ქალების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე".
მთიანი ყარაბაღის დაახლოებით 120 000-კაციანი მოსახლეობა ვერ ახერხებს რეგიონის დატოვებას ან შესვლას დეკემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ლაჩინის დერეფანი გადაიკეტა, ერთადერთი გზა, რომელიც რეგიონს აკავშირებს სომხეთთან. რეგიონში საკვებისა და პირველადი გამოყენების ნივთების შეტანა პერიოდულად იბლოკებოდა, რამაც მედიკამენტებისა და საჭმლის მწვავე დეფიციტი გამოიწვია.