სტეფანწმინდაში სტიქია მძვინვარებს - მოსახლეობის ნაწილს სახლებს ატოვებინებენ

18.08.23 17:00
სტეფანწმინდაში სტიქია მძვინვარებს - მოსახლეობის ნაწილს სახლებს ატოვებინებენ

სტეფანწმინდაში სტიქია მძვინვარებს - მოსახლეობის ნაწილს კი სახლებს ატოვებინებენ. სტიქიის ეპიცენტრიდან უკვე გაიყვანეს ერთ-ერთი ოჯახი, რომელიც მეწყრულ ზონასთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა. ახლა მთელს დარბაზში ხალხი ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდება.

სტიქიის განმეორების საშიშროების  გამო შესაძლოა, ხალხის ევაკუაცია სხვა უბნებიდანაც დაიწყოს.

"გუშინ სამიდან ოთხ საათამდე დაიწყო საშინელი წვიმა და სეტყვა. მოვარდა ნიაღვარი სახლის უკან, მეზობლის ნარგავებიდან მოდიოდა დიდი მდინარეები, გარეთ ვერ გამოვდიოდით. გამოვძახეთ მაშველები, ჩემი დისშვილი მუშაობს პირველი ის მოვიდა, გაგვიყვანა მეზობელ სახლში. დაგვეტბორა პირველი სართული, კარტოფილიც დამიტბორა სულ განადგურებულია. არ მახსოვს ამხელა ქალი ვარ ასეთი წვიმა, სეტყვა და ასეთი ნიაღვარი, ძალიან საშიშ ზონაში ვართ ძალიან", - ამბობს ადგილობრივი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით, ადგილზე მისულია ტექნიკა და ხდება არხის გაწმენდა. 

"მოსახლეობასთან გამოდიოდა წყალი უკვე, რამდენიმე ოჯახს მიუვარდა პირველი სართულები დაუტბორა და ასევე გერგეთის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში მოედინება გზისპირზე იმანაც ცოტა საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ჩვენ ადგილზე მივიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით არხის გაწმენდა მოხდა. დღეს დილიდან მუშაობდნენ გეოლოგები, ჩამოსულები იყვნენ და სულ რამდენიმე დღეში დასკვნას დადებენ" -  ამბობს მერი. 

წყალდიდობას და ღვარცოფს აანონსებს გარემოს ეროვნული სააგენტოც. ყაზბეგში კი უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს და დასახლება ისევ სტიქიის საფრთხის წინაშეა. 

მსგავსი სიახლეები