შეცდომებით სავსე, იურიდიულად გაუმართავი უსაფუძვლო ბრალდებები - ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი წულუკიანის უწყებას
ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი კულტურის სამინისტროს პასუხობს და ამბობს, რომ მათი გავრცელებული განცხადება იურიდიულად გაუმართავ, უსაფუძვლო ბრალდებებსა და მრავალ შეცდომას შეიცავს.
კვლევითი ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ სამინისტრო "უკადრისი მეთოდებით" ებრძვის მათ.
"განცხადება შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა მიზანია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას დეტალურ დასაბუთებულ პასუხს სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებზე," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს დილით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ განცხადება გაავრცელა.