ვინ მართავს NGO-ს, რომელიც ოპოზიციას და მესამე სექტორს აუდიტით ემუქრება - რას უმხელს ყუფარაძე "პირველებს"

21.08.23 15:30
ვინ მართავს NGO-ს, რომელიც ოპოზიციას და მესამე სექტორს აუდიტით ემუქრება - რას უმხელს ყუფარაძე "პირველებს"

ვინ დგას ახალი კამპანიის და აუდიტში შეტანილი განაცხადის უკან? ორგანიზაცია, რომელიც ენჯეოებისა და ოპოზიციური პარტიების ანგარიშების შესწავლას ითხოვს, როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არის კავშირში. ამ ინფორმაციას "პირველებს" გიორგი ყუფარაძე აწვდის.

"სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი, ამბობს რომ ჩიხელიძე, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ემუქრებოდა, სინამდვილეში გრიგოლ ლილუაშვილის ხელით იმართება. 

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ადამიანი ჩიხელიძე, ვინც გამოაგორეს დღეს ეთერებში და განცხადება გააკეთებინეს აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით, ეგ იმართება ჩვეულებრივად სუსიდან. ლევან ახუბაძემ გაუჭრა კანალი და მიაბარა თავის კურატორ ოფიცერს კირთაძეს. ის აძლევს მას დავალებებს და ასრულებს ეს, რასაც უწერენ ტექსტს, რაც დაიწერება "სუდში" ანუ სუსის სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს "სუდს" ეძახიან, არც დაიწერება "სუდში", რაც გაკეთდება საერთოდ ვინმეს გასაშავებლად ან რაღაცა ტექსტურა ე.წ. მესიჯბოქსი იგზავნება ამისთანა ადამიანებთან და მაგის პირით ლაპარაკობს სუსი. ალბათ ახლა ისე არის დაძაბული ვითარება, რომ ლილუაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავის ხელში აეღო ვითარება და მოეხდინა რეაგირება. ალბათ დიდი მზადება მიმდინარეობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში არა მგონია იგივე გაიმეორონ, რაც ჩვენთან, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დიდი ამბები დაატრიალონ", - ამბობს გიორგი ყუფარაძე.

აუდიტის სამსახურში განაცხადი უკვე შეტანილია. ბრძოლის ახალი ტალღა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ - აუდიტის სამსახურმა, შესაძლოა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ანგარიშების შემოწმება დაიწყოს. სამიზნე "ნაციონალური მოძრაობა", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური ჯგუფია.

"რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" მთავარ აუდიტორს მათი ფინანსების და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირის შესწავლას სთხოვს. თუმცა, ორგანიზაციას ამ მოთხოვნაში არცერთხელ უხსენებია მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.

მსგავსი სიახლეები