კასპის მუნიციპალიტეტის მიერ "წყალში გადაყრილი" 400 000 ლარი - რატომ ვერ იპოვეს ჭაბურღილში წყალი
400 ათას ლარიანი ჭაბურღილი, საიდანაც წყალი არ ამოდის - ასეთი ვითარებაა კასპის სოფლებში. ირკვევა, რომ ქალაქის მერიამ მოსახლეობისთვის უწყლოობით გამოწვეული დისკომფორტი მოეგვარებინა გადაწყვიტა და ბიუჯეტის ფულით სამარაგო რეზერვუარი შეიძინა. სოფლებში მოეწყო წყლის სატუმბო სადგური და მიმწოდებელი მაგისტრალიც, თუმცა, მტკვრის პირზე წყალი არ ამოვიდა. ახლა კი, კასპის მერია და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან.
ადგილობრივების თქმით, მოსახლეობა იმედგაცრუებულია და ყოველდღიურად იტანჯება. მათი თქმით, არჩევნების წინ ხალხს იმადლიერებენ, მაგრამ, საბოლოოდ, მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო დაპირებები დაპირებებად რჩება.
გვპირდებოდნენ სარწყავ წყალს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ გაუკეთებიათ და პროექტი გაჩერებული არის. სასმელი წყალიც ნაკლებად გვაქვს, ვერ ვხმარობთ, რომ ბოსტნები მოიყვანონ და ცოტა რაღაცა მოსახლეობამ იმაზე იხარჯება ეს სასმელი წყალიც და სარწყავი წყალი რომ არ გვაქვს ძალიან ვიტანჯებით. დაპირებები არჩევნების წინ ძალიან უხვად არის, მაგრამ შესრულება არაფერი, ალბათ ახლა არჩევნებს, რომ ელოდებიან კიდევ დაგვპირდებიან და ხალხს მოიმადლიერებენ დაპირებებით და შესრულებით არაფერს არ გააკეთებენ", - ამბობს ადგილობრივი.
კასპის საკრებულოს დეპუტატის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თქმით, ორი სოფლის მოსახლეობას წყალი ყოველდღიურად უნდა მიწოდებოდა, მაგრამ სამუშაოები უშედეგოდ დამთავრდა, ხოლო 400 000 ლარი გაფლანგულია, რის შესახებაც დღეს არავინ საუბრობს.
აღნიშნულ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 400 000 ლარი და ორი სოფლის მოსახლეობას უხვი რაოდენობით უნდა მიწოდებოდა სასმელი და მოსახმარებელი წყალი ყოველდღიურობისთვის. ფაქტია, 400 000 ლარი შეჭმულია, ამაზე დღეს არავინ აღარ საუბრობს, სად წავიდა ეს 400 000 ლარი, რატომ არ განხორციელდა ეს პროექტი ისე, როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი. შეხედეთ რას ჰგავს, მიყრილია გორა და დამთავრებულია სამუშაოები", - ამბობს კასპის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი შარიფაშვილი.