ბენზინი ისევ გაძვირდება - ნავთობიმპორტიორების საგანგაშო პროგნოზი
საწვავის ფასი 15-დან 20 თეთრამდე მოიმატებს - საგანგაშო პროგნოზს ნავთობიმპორტიორები აკეთებენ. რუსეთში საწვავზე დაწყებული კრიზისი ჩვენს ქვეყანაზე, სავარაუდოდ, შემოდგომიდან აისახება.
არსებული ინფორმაციით, ახალი ფასები მძღოლებს ტაბლოებზე სექტემბრიდან დახვდებათ. ფასის მატება, ფაქტობრივად, გარდაუვალია, რადგან საქართველოს საწვავის 80% ოკუპანტი ქვეყნიდან შემოაქვს. არსებობს ალტერნატიული გზაც, რომელიც ევროპაზე გადის, თუმცა ეს ქვეყანას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, რუსეთს შეექმნა საწვავის პრობლემა და დეფიციტი, რაც უკვე აისახა ქართულ ბაზარზე.
რუსეთმა გააძვირა ე.წ. "ტრუბით" ტრანსპორტირება ნედლი ნავთობის, რუსეთმა გააძვირა ექსპორტი. წავიდა ნელ-ნელა და ეს არ წავიდა ვიღაცის ხუშტურების გამო, ეს წავიდა, რომ მოწოდებას შეექმნა პრობლემა, რუსეთს შეექმნა პრობლემა, რუსეთს შეექმნა დეფიციტი. რაც შეეხება ჩვენს ბაზარს რა ემუქრება ეს უკვე გამოჩნდა, ეს უკვე სახეზე გვაქვს, რა? გაძვირებული საწვავი, ამას ვერავინ ვერ უარვყოფთ. სამწუხაროდ, დღეისთვის რუსეთიდან იმიტომ შემოგვაქვს საწვავი, რომ მაინც იაფია, ვიდრე ევროპული", - ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვახტანგ იობაშვილი.