აქცია ბრიუსელში ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნით - გრიგორიადისის მამა ევროპარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავს
ბრიუსელში დღეს, "პრომოუთ ჯორჯიას" მხარდაჭერით ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
"პრომოუთ ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დღეს გაიმართა პირველი აქცია, რომელიც წიანსწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ორგანიზატორების თქმით, ეს არის ადვოკატირების დასაწყისი. ამ თემასთან დაკავშირებით კი დაგეგმილია ევროპარლამენტარებთან შეხვედრა სექტემბრის თვეში და შემდეგ დიდი აქცია.
ბრიუსელში იმყოფება ლაზარე გრიგორიადისის მამაც და შვილის საქმეზე ევროპარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავს.
"საქართველოში ყველამ იცის, რატომ ჩამოვედი აქ. უნდა გავესაუბრო ევროპარლამენტარებს, რომლებსაც აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში. მე მათთვის მინდოდა მეთხოვა ლაზარეს თავისუფლებაზე ელაპარაკათ და ყველა იმ პრობლემაზე, რაც ხდება საქართველოში. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პატარა აქცია-პერფომანსი ჩაგვეტარებინა. ჩვენ კარგად ვიცით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ საქართველოში არის რუსეთიზაცია. ყველა იძახის, რომ, რუსეთში გავიღვიძებთ, ხალხო რუსეთში ვართ. თუ მსოფლიოში გამოსული ქართველები არ შევებრძოლებით ამ რუსულ ჭირს, მგონი რომ საქართველოს დავკარგავთ ახლო მომავალში. ამიტომ, მთავარია რომ გავერთიანდეთ და მივხედოთ ჩვენს საყვარელ საქართველოს". - ამბობს გრიგორიადისის მამა.