აქცია ზუგდიდში - ხალხი თეა წულუკიანს მიმართავს
აქცია გაიმართა ზუგდიდში. სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის მოთხოვნით, კომბინატის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა.
ხალხი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. სპორტკომპლექსის შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდაც მიიჩნევა უკვე წლებია, ფაქტობრივად, უფუნქციოა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, სპორტკომპლექსის აღდგენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია. აქციაზე შეკრებილები თეა წულუკიანს მიმართავენ და შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტის დამტკიცებას მოითხოვენ.
ზუგდიდ კომბინატის სპორტკომპლექსის აღდგენა არის უმნიშვნელოვანესი, არამარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის, არამედ პრეცედენტულად მთელი საქართველოსთვის, სადაც ჩვენი მოსახლეობა მოკლებულია, იმ ელემენტარულსაც კი, როგორიც არის სპორტული აქტივობები, კულტურული პროგრამა. მივმართავ საქართველოს ვიცე-პრემიერს თეა წულუკიანს, რომელიც ასევე გახლავთ კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, რომ დროულად იმოქმედონ და დაამტკიცონ შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტი", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.