საკრებულო გადამწყვეტი სხდომისთვის ემზადება - დაამტკიცებენ თუ არა თბილისის ჩაბეტონების ახალ გეგმას?
აუნთებს თუ არა მწვანე შუქს "ქართული ოცნება" თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას? - საკრებულოში სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება. ლაგუნა ვერე, ჭავჭავაძის გამზირი, ნაძალადევი, დიღომი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც ცათამბჯენებს ააგებენ.
აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა როგორც ურბანული გენოცოდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობები დამღუპველია. ისინი ყურადღებას ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგნილ მშენებლობაზე ამახვილებენ, სადაც 52 სართულიანი ცათამბჯენების აშენებაა დაგეგმილი. ექსპერტების თქმით, ეს ტერიტორია ღავრცოფული საშიშროების ზონაა და აღნიშნულ ადგილას მასშტაბური მშენებლობა დაუშვებელია.
არ შეიძლება ამ ქალაქში ფერდებზე მშენებლობა, არ შეიძლება ამ ქალაქში მდინარის კალაპოტებში და ღვარცოფული მინარეების გამოტანის კონუსებში მშენებლობა. 2015 წელს დატბორილი იყო ეს ტერიტორია და ახლა 52 სართულს გვიშენებენ, თან გვიშენებენ ისე, რომ ევროკოდი მიღებული არ აქვს სახელმწიფოს და 52 სართულიანი მშენებლობა ქართული ნორმებით და სნიპებით, რომელიც 1960 წლისაა და მოძველებულია, ფაქტობრივად, არარელევანტურია, - ამბობს გეოლოგი თეა გოდოლაძე.
სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ ადგილი აქვს ქალაქის გენგეგმიდან გადახვევას და ბრმად კოეფიციენტების მომატებას იმ ადგილზე, რომელიც სარეკრეაციო ზონაა.
ეწინააღმდეგება ეს პროექტები კანონებს და საკანონმდებლო დოკუმენტებს. ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში, რომელსაც იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც გარკვევით წერია, რომ ასეთი მასშტაბის მშენებლობა ამ ზონაში არ შეიძლება. ხდება დადგენილი კოეფიციენტების მნიშვნელოვნად გადაჭარბება. ეს კოეფიციენტები და ეს პარამეტრები კი არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქალაქის მდგრაიდ გავითარება, - ამბობს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია.
მასშტაბურ მშენებლობას დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გააპროტესტებს ოპოზიციაც.
"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.