აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები განათლების მინისტრს საჯარო წერილით მიმართავენ

25.08.23 11:23
აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები განათლების მინისტრს საჯარო წერილით მიმართავენ

საქართველოს ევგენი ხარაძის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს საჯარო წერილით მიმართავენ და მასთან შევხედრას ითხოვენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციის მიერ არაოფიციალურად დაანონსებული 25 აგვისტოს შეხვედრა, სავარაუდოდ ოპონირების ფორმატში წარიმართება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და ზიანს მიაყენებს სამინისტროს ჩართულობით მიღწეულ დადებით ტენდენციას, ამიტომ შეხვედრას ასტროფიზიკური ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მხარე არ იქნება წარმოდგენილი.

ბატონო გიორგი,
მოგახსენებთ, რომ ჩვენ, ევგენი ხარაძის აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ბოლო თვეების მანძილზე იძულებულნი ვიყავით განგვეხორციელებინა რიგი აქტივობები ობსერვატორიის ადმინისტრაციის მიერ “სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ” 2023 წლის 10 მაისს გამოცემული 01-01/04 ბრძანების გამო.
აღნიშნული ბრძანებით ყანობილის მთაზე შესვლა შეეზღუდათ ობსერვატორიის თბილისის ოფისში მომუშავე პირებს და იმ თანამშრომლების ოჯახის წევრებს, რომელთა ძირითად საცხოვრებელს ყანობილის მთა წარმოადგენს.
ობსერვატორიაში შესვლა და მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებლებით სარგებლობის უფლება** სრულად** შეეზღუდათ ასევე ობსერვატორიის ყოფილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელნიც ათწლეულების მანძილზე მართლზომიერად ფლობენ ბინებს მთა ყანობილზე.
სამინისტროსათვის საქმის ვითარების გასაცნობად ჩვენ წერილობით მოგმართეთ ორჯერ - კორესპონდენცია N837162 (ჩაბარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიას 2023 წლის 6 ივლისს) და კორესპონდენცია N 888682 (ჩაბარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიას 2023 წლის 17 ივლისს), სადაც ვითხოვდით პირადად თქვენთან შეხვედრას საქმის ვითარებაში გასარკვევად.
ამ წერილებზე ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს უშუალო ჩარევითა და მედიაციით გადაწყდა ბრძანებაში ცვლილებების შეტანა და მოლაპარაკებების შედეგად, რომლიც ბოლო ეტაპს მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ესწრებოდა თქვენი სამინისტროს წარმომადგენელი, მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს გარკვეული პირობებით მიეცათ ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა.
ჩვენ ამის თაობაზე საჯაროდ გამოვხატეთ მადლობა როგორც სამინისტროს, ასევე ობსერვატორიის ადმინისტრაციის მიმართ, რაც ინტერნეტ მედიითაც გავრცელდა, თუმცა ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა უშუალოდ მინისტრთან (ან მის მოადგილესთან) შეხვედრის თაობაზე.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ობსერვატორიის ტერიტორიაზე მყოფ ყოფილ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს სატელეფონო ზარის მეშვეობით შეგვატყობინეს, რომ 25 აგვისტოს იგეგმებოდა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან, მაგრამ არა ჩვენი წერილის შესაბამისად - პირისპირ მინისტრთან, არამედ ობსერვატორიის თბილისის ოფისში, ობსერვატორიის ადმინისტრაციის წარმომადგელების თანდასწრებით.
შეხვედრის ამგვარი ფორმით წარმართვა ჩვენში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს, რადგან ეს სცილდება სახელმწიფო ორგანოსთან ურთიერთობის მიღებულ ფორმას. მით უფრო გაუგებარია ის, თუ რატომ ხდება შეხვედრაზე დამსწრეთა სიის შედგენა ობსერვატორიის ადმინისტრაცის და არა ჩვენი ჯგუფის მიერ. ყოველივე ეს აღქმულია როგორც ჩვენი უფლებების დარღვევა და შეურაცხგვყოფს პირადად ჩვენ, როგორც მომლაპარაკებელ მხარეს, რამდენადაც შეხვედრას მინისტრთან წერილების შესაბამისად ითხოვდა ჩვენი მხარე და არა ობსერვატორიის ადმინისტრაცია.
ჩვენ ვცადეთ ვითარებაში გარკვევა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით, თუმცა ამ სამსახურის წარმომადგენლის ნაცვლად ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტელეფონით დაუკავშირდა ბატონი ზ. მარუაშვილი, რომელიც გაურკვეველია რა როლს თამაშობს ამ მოლაპარაკებებში.
ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი წერილების შესაბამისად, პირისპირ შეხვედრას მინისტრთან ან მის მოადგილესთან მესამე პირების თანდასწრების გარეშე.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციის მიერ არაოფიციალურად დაანონსებული 25 აგვისტოს შეხვედრაზე ჩვენი მხარე მისი ნდობით აღჭურვილი პირების სახით არ იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან მიგვაჩნია რომ ეს შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ ოპონირების ფორმატში წარიმართება (რადგან განსახილველ საკითხთა წრე უფრო ფართო იქნება), კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, გაამწვავებს მას და ზიანს მიაყენებს სამინისტროს ჩართულობით მიღწეულ დადებით ტენდენციას.
ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და თანმხლები მოვლენების გაცნობის მიზნით უახლოეს მომავალში დაგვითმოთ დრო და შეგვხვდეთ ობსერვატორიის თანამშრომლებს, ყოფილ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს.
25.08.2023
ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების
და მათი ოჯახის წევრების ჯგუფის წარმომადგენლები
ობსერვატორიის მოქალაქეთა ჯგუფი
თ. ჭანტურია - კვირტია, თ. ბარბლიშვილი და სხვა..." - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები