ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან

25.08.23 22:22
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ  უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს ორივე მოქალაქე უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.  უკანონო პატიმრობიდან  მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად,  კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს  მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას,” - წერია განცხადებაში.


მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. დაკავებიდნა ორ დღეში ყოფილი სამხედროს მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.
2022 წლის აგვისტოში ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.


რაც შეეხება კახაბერ ნათაძეს, ის 2021 წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთად ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში დააკავეს. კანიაშვილი 2022 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს.


უკანონო პატიმრობაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, მათ შორის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელიც.

 

მსგავსი სიახლეები