ჰესის მოწინააღმდეგის დაკავებისას გამაფრთხილებლად გავისროლეთ - შსს

01.06.21 21:33
ჰესის მოწინააღმდეგის დაკავებისას გამაფრთხილებლად გავისროლეთ - შსს

შსს სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა. უწყების ცნობით,  დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 1 ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, - წერს შსს.

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ  ნამოხვანის აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი მუკბანიანის აყვანისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.